III-IV სამუშაო შეხვედრები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2022 წლის 2-5 მარტს ევროკავშირის ჟან მონეს/ Jean Monnet პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ II სამუშაო ფაზის ოთხდღიან სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრები ძირითადად დაეთმო სწავლა-სწავლების მეთოდებს და მასში მონაწილეობდნენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საბაკალავრო და სამაგისტო პროგრამებში ჩართული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტებისა და თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები.

სამუშაო შეხვედრათა ციკლი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიმართა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების თანახელმძღვანელმა, პროფესორმა დანიელა ურსემ. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გარკვეული დრო უკრაინაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის საკითხების განხილვასაც დაეთმო, სადაც ნინო ლაპიაშვილმა აღნიშნა, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ორი უკრაინელი სტუდენტი, რომლებიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ დასახმარებლად სრული მზაობა და მხარდაჭერა აქვს ინსტიტუტს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ასევე, პარტნიორი საერთაშორისო დონორებისგან.  

გახსნის ღონისძიების შემდეგ ოთხდღიანი ვორკშოპი გაგრძელდა ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის რელევანტური სწავლა-სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების განხილვით, რომელსაც უძღვებოდა თსუ-ის პედაგოგიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ეთერ ღვინერია. ვორკშოფის პირველ და მეორე დღეს პროფ. ღვინერიამ ისაუბრა სწავლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ბლუმის ტაქსონომია, ედუარდ დე ბონოს ექვსი ქუდის თეორია, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, შეფასების სახეები, სოკრატეს სწავლება კითხვების დასმის მეთოდიკით, კრიტიკული აზროვნება. ასევე, ყურადღება გამახვილდა პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, ქეისებით სწავლებაზე, დეივიდ პერკინსის განათლების თეორიაზე; მეტაკოგნიციაზე (სწავლის სწავლა), გოლმანის ემოციურ ინტელექტზე, მასლოუს მოტივაციაზე, უზნაძის მოსაზრებებზე, თანამშრომლობით სწავლებაზე (Collaborative, Cooperative learning), პროექტით სწავლების მეთოდზე, საქმიან თამაშებზე, ჯონ დიუის მიდგომებზე, როჯერის ჰუმანისტურ თეორიაზე, საუბრის გარეშე სწავლების 25 ხერხზე, სწავლების პარადიგმიდან სწავლის პარადიგმამდე საკითხზე, განვითარების თეორიებზე: I.ბიჰევიორიზმი, II.კოგნიტივიზმი (პიაჟე) და III.კონსტრუქტივიზმი(ვიგოდსკი), პრაგმატიზმზე, პროგრესივიზმ-რეკონსტრუქტივიზმსა და ეგზისტენციალიზმ-ჰუმანიზმზე. 

სამუშაო შეხვედრების დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა პროექტის მონაწილეებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციის დაგეგვმასა და პუბლიკაციის მომზადების დეტალების განხილვას, ასევე, ინდივიდუალური კონსულტაციების ფარგლებში ხარისხის მართვის ექპერტებთან ერთად  შეთანხმდა ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაგეგმვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი.

აღსანიშნავია, რომ 3 მარტის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის პარტნიორი მსოფლიოს 143 უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმის ვირტუალურ შეხვედრაში, სადაც დაიგეგმა უკრაინის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის ხელშეწყობისა და უკრაინელ სტუდენტთა დახმარების საკითხები, მათ შორის, ინსტიტუტის ჟან მონეს მიმდინარე პროექტის ფარგლებში.


პრეს-რელიზი, III სამუშაო შეხვედრის ქავერი და IV სამუშაო შეხვედრის ქავერი.

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012